ავტორიზაცია
ზრდასრული ვირთაგვას კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილზე პანკრეასის ენდოგენური ცილოვანი კომპლექსის ზემოქმედების შესწავლა
ავტორი: ნათია ლიპარტიასაკვანძო სიტყვები: თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსი, პროლიფერაციული აქტიურობა, პანკრეასის რეგენერაცია.
ანოტაცია:
ორგანიზმში ქსოვილებისა და ორგანოთა განახლების საფუძველს, როგორც ცნობილია, ფიზიოლოგიური რეგენერაცია წარმოადგენს. ორგანოს დაზიანების ან ნაწილის დაკარგვის შემთხვევაში, მის ნაწილობრივ ან სრულ აღდგენას რეპარაციული რეგენერაცია უზრუნველყოფს. რეგენერაცია, უჯრედების პროლიფერაციით იწყება და ინიცირდება მიტოგენური ანუ ზრდის ფაქტორებით. ეს მოლეკულები უჯრედშორის სივრცეში მოხვედრის შემდეგ განსაზღვრული რეცეპტორებით შეიცნობიან. ლიგანდ-რეცეპტორული ურთიერთქმედებით სიგნალის ტრანსდუქცია უჯრედის შიგნით ტრანსკრიპციის ფაქტორების აქტივაციას და შედეგად სხვადასხვა გენთა კრებულის კასკადურ აქტივაციას განაპირობებს. მარეგულირებელი მექანიზმების შესასწავლად საინტერესოა ისეთი ქსოვილების კვლევა, რომელთაც შეზღუდული აქვთ რეგენერაციის უნარი. მაგალითად, როგორიცაა კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელიც სხვა პარენქიმულ ორგანოებთან შედარებით დაბალი განახლების უნარით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ პანკრეასის სხვადასხვა პათოლოგიის დროს ქირურგიული და ფარმაკოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის გარდა მიმართავენ, დამცველობითი მექანიზმების გააქტიურებას ზრდის ფაქტორების მეშვეობით. აქედან გამომდინარე საინტერესოა კუჭქვეშა ჯირკვალის უჯრედების ზრდის მარეგულირებელი ენდოგენური ფაქტორის კვლევა. ზრდასრული თეთრი ვირთაგვას პანკრეასიდან გამოყოფილი და ნაწილობრივ დახასიათებულია თერმოსტაბილური ცილების კომპლექსი (თცკ). ნაჩვენებია, რომ პანკრეასის თცკ მზარდი ვირთაგვას სხვადასხვა ქსოვილში (პანკრეასი, ღვიძლი, გული) ტრანსკრიპციის ინჰიბირების გზით, უჯრედების მიტოზური აქტიურობის დაქვეითებას იწვევს. ამავე დროს, არ არის ცნობილი მონაწილეობს თუ არა აღნიშნული ცილების კომპლექსი პანკრეასის ქსოვილის განახლების პროცესში. ასევე არ არის შესწავლილი სიმსივნურ უჯრედებზე მისი მოქმედება. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო ინ ვივო და ინ ვიტრო სისტემებში უჯრედების გამრავლებაზე თეთრი ზრდასრული ვირთაგვას პანკრეასის ენდოგენური ცილოვანი კომპლექსის ზემოქმედების შეწავლა. კვლევის ობიექტები და მეთოდები: ზრდასრული ვირთაგვები (120-150გ) და ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის უჯრედული ხაზი (B ქლლ). პროლიფერაციული ქსოვილის მოდელად გამოყენებული იყო რეგენერირებადი პანკრეასის ქსოვილი რეზექციის შემდეგ (50%). ზრდასრული ვირთაგვას პანკრეასიდან თერმოსტაბილური ცილების სპირტული ექსტრაქცია. სინათლის მიკროსკოპში შესწავლისათვის მასალის ფიქსაცია და პრეპარატის მომზადება. მიტოზურ ინდექსის განსაზღვრა. ნატიური ელექტროფორეზი პოლიაკრილამიდის გელში. მიღებული მონაცემები დამუშავებული იყო სტანდარტული ვარიაციული სტატისტიკის მეთოდით. მონაცემების სარწმუნოება 95-99%-ს შეადგენდა. შედეგები: გამოკვლევებით დადგინდა, რომ: 1. პანკრეასის რეზექციის საპასუხოდ ორგანოს დარჩენილ ქსოვილში პირველი მიტოზები ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ ჩნდება. შემდგომ პროლიფერაციული აქტიურობის მაჩვენებელი იზრდება და ორჯერ აღწევს პიკს რეზექციიდან მე-3 და მე-7 დღეს; 2.პანკრეასის თცკ დამთრგუნველად მოქმედებს რეგენერირებადი ქსოვილის უჯრედების მიტოზურ აქტიურობაზე. ჰომოლოგიური უჯრედების გამრავლებაზე დამთრგუნველი ზემოქმედება ინექციიდან პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვლინდება. აღნიშნული ეფექტი შენარჩუნებულია შემდგომ დღეებშიც. მიტოზური ინდექსის მაჩვენებელი საკონტროლო მნიშვნელობას მხოლოდ ინექციიდან ოთხი დღის შემდეგ უბრუნდება; 3. პანკრეასის თცკ მაინჰიბირებელ ზეგავლენას ახდენს უჯრედების ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის უჯრედების პროლიფერაციულ აქტიურობაზე კულტურაში. დასკვნები. 1.თეთრი ზრდასრული ვირთაგვას პანკრეასის თცკ-ს ჰომოტიპურ ქსოვილში აღდგენითი პროცესების ინჰიბირების უნარი გააჩნია. 2.თეთრი ზრდასრული ვირთაგვას პანკრეასის თცკ-ს ქსოვილოვანი სპეციფიკურობა არ ვლინდება ინ ვიტრო სიმსივნურ უჯრედებთან მიმართებაში.
მიმაგრებული ფაილები:
ლიპარტია ნათია [ka]