ka | en
Company Slogan TODO

ვირთაგვას ჰიპოკამპში გაემ და GAD65/67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობრივი ცვლილებები ჰალოტანის ნარკოზის პირობებში მიდაზოლამით პრემედიკაციის დროს

ავტორი: ნინო ბედინეიშვილი
საკვანძო სიტყვები: ჰალოტანის ანესთეზია, პრემედიკაცია
ანოტაცია:

ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალი, ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული განვითარების მანკია. ასეთი პათოლოგიების მქონე ბავშვებს დარღვეული აქვთ სუნთქვისა და კვების ფუნქციები, არტიკულაცია, აღენიშნებათ ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების პათოლოგიური ცვლილებები ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პაციენტებისათვის დროული ქირურგიული ჩარევა და, ამასთან, აუცილებელია ოპტიმალური ანესთეზიის შერჩევა, ოპერაციისშემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით სპეციფიკური ოპერაციისწინა მომზადება - სრულყოფილი პრემედიკაცია. ბავშვთა ქირურგიაში დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება ინჰალაციური საანესთეზიო საშუალება, ჰალოტანი (ფტოროტანი). უკანასკნელი წლების ლიტერატურული წყაროების თანახმად, საერთო ანსთეტიკები, მათ შორის ინჰალაციური, ახდენს ფსიქოდამაზიანებელ ზემოქმედებას. რეგიონალური სუპრესიული ეფექტების გარდა, ანესთეტიკების ზემოქმედება ვლინდება ნეირონთაშორის ფუნქციურ კავშირებზეც. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა, რადგან აღნიშნულ რისკებს ყველაზე მეტად ექვემდებარებიან ბავშვები და მოხუცები. აქედან გამომდინარე,Pპოსტოპერაციული გართულებების თავიდან აცილებისათვის ტარდება წინაოპერაციული მედიკამენტოზური მომზადება ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატებით. ნაჩვენებია, რომ ჰალოტანის გამოყენების შემდეგ პაციენტებს აღენიშნებათ ფსიქიკური ცვლილებები, მეხსიერების ნაწილობრივი დარღვევა, მათ შორის სივრცითი მეხსიერების, რაც შეიძლება გაგრძელდეს ნარკოზის მიღებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ჰიპოკამპი შედის თავის ტვინის ლიმბური სისტემის შემადგენლობაში და მონაწილეობს ემოციურ რეაქციებსა და მეხსიერების ფორმირებაში, უკანასკნელი წლების მონაცემებით მეხსიერების ფორმირებაში გარკევული სახით მონაწილეობენ ასევე ჰიპოკამპის პირამიდული ნეირონების გაემ რეცეპტორები, სავარაუდოა, რომ მეხსიერებაზე ჰალოტანის მოქმედება ჰიპოკამპზე მისი ზემოქმედებით უნდა ხორციელდებოდეს. აქედან გამომდინარე, სამუშაოს მიზანი იყო თეთრი ზრდასრული ვირთაგვას ჰიპოკამპში გაემ და GAD65/67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობრივი ცვლილებების შესწავლა ჰალოტანის ნარკოზის პირობებში მიდაზოლამით პრემედიკაციის დროს. ექსპერიმენტისათვის გამოვიყენეთ ზრდასრული და მზარდი (20 დღიანი) თეთრი არახაზოვანი ვირთაგვა. საკვლევი მასალა – თავის ტვინის ქსოვილი. გაემ და GAD65/67 პოზიტიური უჯრედების რაოდენობის ცვლილების შესაფასებლად გამოყენებული იყო იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი GABA-s და GAD65/67- ის მიმართ ანტისხეულებით. პროლიფერაციული აქტიურობის შესაფასებლად კი კოლქიცინური მიტოზური ინდექსი და იმუნოჰისტოქიმიური შეღებვა მარკერზე ki67. მიღებული შედეგების სარწმუნობას ვაფასებდით სტიუდენტის კრიტერიუმით (სარწმუნოდ ვიღებდით მონაცემებს, რომელთა სარწმუნობა შეადგენდა 95-99%-ს). ჩატარებული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ჰალოტანის ნარკოზი ზრდასრული ვირთაგვას ჰიპოკამპში GAD65/67 და გაემ დადებითი უჯრედების რაოდენობის ცვლილებებს იწვევს. ზრდასრული ვირთაგვას ჰიპოკამპში გაემ - დადებითი უჯრედების რაოდენობის ჰალოტანით განპირობებული ცვლილებების პრევენცია მიიღწევა მიდაზოლამით პრემედიკაციის დროს. ინჰალაციური სანარკოზე საშუალება ჰალოტანი არ იწვევს პროგენიტორული უჯრედების პროლიფერაციული აქტიურობის ცვლილებას მზარდი ვირთაგვას ჰიპოკამპის დაკბილულ ფასციაში.


მიმაგრებული ფაილები:

ბედინეიშვილი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com