ka | en
Company Slogan TODO

ეპითელური პოლარობის განმსაზღვრელი ფაქტორების როლი დროზოფილას საფრენი კუნთების განვითარებაში

ავტორი: ცოტნე ჩიტიაშვილი
საკვანძო სიტყვები: დროზოფილა, ეპითელური პოლარობა, საფრენი კუნთები, კუნთების განვითარება
ანოტაცია:

ეპითელური ქსოვილების ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს აპიკალურ-ბაზალური პოლარობა წარმოადგენს. პოლარობის დარღვევა ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა სახის სიმსივნეების განვითარებასთან. მიუხედავად იმისა, რომ დაგროვილია დიდი მასალა ეპითელური ქსოვილების პოლარობის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ, აღსანიშნავია, რომ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ამ ფაქტორების როლზე არაეპითელურ ქსოვილებში. მოცემული ნაშრომის ფარგლებში ჩვენ შევეცადეთ შეგვესწავლა რამდენიმე პოლარობის განმსაზღვრელი ფაქტორის როლი Drosophila-ს საფრენი კუნთების, კერძოდ კი დორსალური სიგრძივი კუნთების (დგკ) განვითარებაში. Drosophila-ს განვითარებისას სხვადასხვა სახის კუნთოვანი ბოჭკოები ვითარდება, რომლებიც მრავალ მსგავსებას იზიარებენ ხერხემლიანთა კუნთოვან ბოჭკოებთან. ადრეულ კვლევებში დოქტორ შნორერის ლაბორატორიაში, სადაც ატარებდნენ კუნთებისადმი სპეციფიურ რნმ-ინტერფერენციულ (რნმ-ი) სკრინინგს, აღმოაჩინეს, რომ გენი Dlg5 (Discs large homolog 5) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საფრენი კუნთების ჩამოყალიბებისთვის. ბუზებში Dlg5 გენის რნმ-ი ნოკდაუნი იწვევს ლეტალობას. ჩვენს ნაშრომში აღწერილი და დახასიათებულია Dlg5 რნმ-ი ნოკდაუნი კუნთებში და ნაჩვენებია ნოკდაუნის სპეციფიკურობა “ფენოტიპის გადარჩენის” ექსპერიმენტით. Dlg (Discs large) მიეკუთვნება ე.წ. MAGUK (მემბრანასთან ასოცირებულ გუანილატკინაზა) პროტეინების ოჯახს და ეპითელურ უჯრედებში წარმოქმნის კომპლექსს სხვა ცილებთან, როგორიცაა Lgl (Lethal giant larvae) და Scrib (Scribble). ეს უკანასკნელნი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ბაზოლატერალური პოლარობის განსაზღვრაში. Dlg5 ასევე მიეკუთვნება მემბრანასთან ასოცირებულ გუანილატკინაზების ოჯახს. იმისათვის, რომ დაგვედგინა გამოწვეულია თუ არა Dlg5-ის კუნთებისადმი სპეციფიკური ფენოტიპი პოლარობის დაკარგვით, ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა პოლარობის გამსაღვრელი ფაქტორების როლი კუნთების განვითარებაში. ჩვენს ნაშრომში წარმოდგენილია პოლარობის განმსაზღვრელი ფაქტორების ექსპრესია Drosophila-ს საფრენ კუნთებში, ასევე მათი კოლოკალიზაცია სხვადასხვა ფაქტორებთან; აღწერილია Dlg5-ის კუნთებისადმი სპეციფიური ნოკდაუნის ფენოტიპის ჩამოყალიბება განვითარების სხვადასხვა ვადებზე. ჩვენ ასევე შევეცადეთ შეგვესწავლა Dlg5 ცილის როლი ვეზიკულურ ტრანსპორტში.


მიმაგრებული ფაილები:

ეპითელური პოლარობის განმსაზღვრელი ფაქტორების როლი დროზოფილას საფრენი კუნთების განვითარებაში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com