ka | en
Company Slogan TODO

ქართული ენდემური ყურძნის ჯიშის „საფერავის“ ფლავონოიდების გავლენა ლაბორატორიულ თეთრ ვირთაგვებში ჰიპოკამპთან დაკავშირებულ პლასტიკურ პროცესებზე

ავტორი: მარიამი ქურასბედიანი
თანაავტორები: ნანული დორეული
ანოტაცია:

ქართული ენდემური ყურძნის ჯიშის „საფერავის“ ფლავონოიდების გავლენა ლაბორატორიულ თეთრ ვირთაგვებში ჰიპოკამპთან დაკავშირებულ პლასტიკურ პროცესებზე მარიამ ქურასბედიანი, ნანული დორეული ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფლავონოიდები და მისი მსგავსი ფენოლური ნაერთები, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია ხილში, ბოსტნეულსა და ისეთ სასმელებში, როგორიცაა ღვინო, ჩაი, კაკაო და ხილის წვენი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის კვების რაციონში. ფლავონოიდები წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს და ხასიათდებიან ცირკულაციაში მყოფი რეაქტიული ჟანგბადისა და აზოტის შებოჭვის უნარით. ფლავონოიდები ადვილად გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს და აქვთ ტვინის სტრუქტურებში, განსაკუთრებით კი ქერქსა და ჰიპოკამპში დაგროვების უნარი, ამდენად მონაწილეობენ ჰიპოკამპთან დაკავშირებული ფუნქციების რეალიზაციაში. უკანასკნელი ლიტერატურული მონაცემების მიხედვით ფლავონოიდები თავის ტვინში ნეიროპროტექტორული მოქმედების ფართო სპექტრს ავლენენ. ისინი ეფექტურად იცავენ ნეირონებს ტოქსინებით გამოწვეული დაზიანებებისაგან, თრგუნავენ ტვინში მიმდინარე ანთებით პროცესებს და დადებითად მოქმედებენ დასწავლა/მეხსიერების, ზოგად კოგნიტურ ფუნქციებზე. აღნიშნული კვლევის ინტერესს წარმოადგენდა ლაბორატორიულ თეთრ ვირთაგვებში ჰიპოკამპთან ასოცირებული დასწავლა/მეხსიერების მექანიზმების ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ქართული ენდემური ყურძნის ჯიშის „საფერავის“ ფლავონოიდების ეფექტების განსაზღვრა. წინასწარ ექსპერიმენტებში „საფერავიდან“ გამოყოფილი ფლავონოიდებით მდიდარი ფრაქციის ბიოქიმიური მახასიათებლების შესწავლამ გამოავლინა ფრაქციის მრავალკომპონენტიანი ფენოლური შემცველობა და ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით დაიგეგმა ქცევითი ექსპერიმენტები ველური ხაზის თეთრი ლაბორატორიული ვირთაგვების 2 ასაკოვან ჯგუფზე: 8-10 და 28-32 კვირის ასაკის, რათა გაგვერკვია საფერავის ფლავონოიდებით აღნიშნული ჯგუფის ვირთაგვების წინასწარი კვების ეფექტები დასწავლა/მეხსიერების და ემოციური სტატუსის მაჩვენებლებზე. საფერავის ფლავონოიდების ექსპოზიცია ვირთაგვებში განხორციელდა ადრეულ პოსტნატალურ პერიოდში (მე-7-მე-15 დღე) ან უშუალოდ 8-10 ან 28-32 კვირის ასაკში. ვირთაგვების ქცევითი პარამეტრების მონიტორინგი მიმდინარეობდა ღია ველის, T-ლაბირინთისა და პასიური განრიდების ტესტებში, სადაც ვაფასებდით მათ ემოციურობას, შიშის დონეს, თავდაცვით რეაქციებსა და მეხსიერება/დასწავლის კრიტერიუმებს. განხორციელებული კვლევების ანალიზმა აჩვენა,რომ საფერავის ყურძნის ჯიშებიდან გამოყოფილი ფლავონოიდებით ვირთაგვების წინასწარი კვება დადებითად მოქმედებს თავის ტვინის პლასტიკურ პროცესებზე და ზრდის ვირთაგვას თავის ტვინის ანტიოქსიდანტურ შესაძლებლობებს. ჩვენი მონაცემების მიხედვით ქართული ენდემური ყურძნის ჯიშის საფერავის ფლავონოიდები იწვევს სივრცითი მეხსიერების ასაკთან დაკავშირებული დარღვევების კორექციას. გარდა ამისა, საფერავიდან გამოყოფილი ფლავონოიდების, როგორც კვებითი დანამატის გამოყენება ადრეულ პოსტნატალურ პერიოდში აუმჯობესებს დასწავლის დინამიკას, თუმცა დასწავლაში ცვლილებები არ აღინიშნა საფერავის ფლავონოიდებით უშუალოდ 8-10 კვირის ვირთაგვების კვების შემთხვევაში. შეიძლება დავასკვნათ, რომ საფერავის ეფექტების სიძლიერე დაკავშირებულია ჰიპოკამში მესხიერებისა და დასწავლის მექანიზმების ასაკთან დაკავშირებულ სტატუსთან: კერძოდ ის დადებითად მოქმედებს მექანიზმების ფორმირებისა და მისი დარღვევების შემთხვევაში და არ ავლენს ეფექტს აღნიშნული მექანიზმის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com