ka | en
Company Slogan TODO

ელექტრომაგნიტური დასხივებით გამოწვეული სითბური ეფექტების შესწავლა

ავტორი: მარიამ წვერავა
თანაავტორები: დოქტორანტი ვერიკო ჯელაძე
ანოტაცია:

XXI საუკუნეში ცხოვრება წარმოუდგენელია მეცნიერების მიერ შექმნილი თანამედროვე ელექტრომაგნიტური (ე.მ) ხელსაწყოების გარეშე, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება: ტელევიზორი, რადიომიმღები, კომპიუტერი, მობილური კავშირგაბმულობის აპარატი, მიკროტალღოვანი ღუმელი, რადარი და ა.შ. ცნობილია, რომ ურბანიზებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანი გამუდმებით იმყოფება სხვადასხვა ე.მ. წყაროების მიერ გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ქვეშ, ამიტომ დადგა აუცილებლობა შეფასებულიყო, თუ რამდენად შესაძლოა მავნე იყოს მათი ზემოქმედება ადამიანზე და რა ტიპის ეფექტებს იწვევს ეს პროცესი. წარმოებული დაკვირვებებიდან გამომდინარე ცნობილია რომ, მცირე სიმძლავრის ე.მ გამომსხივებლის მიერ გამოსხივებული ენერგაია შთაინთქმება ადამიანის ქსოვილის მიერ. ამ დროს ხდება მიღებული ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნა, რაც იწვევს ქსოვილის ტემპერატურის მატებას. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია სწორედ ამ ე.მ დასხივებით გამოწვეული სითბური ეფექტის შესწავლა და ტემპერატურის განაწილების დადგენა. თანამედროვე მოთხოვნებმა და ექსპერიმენტის ჩატარების სიძვირემ გამოიწვია მეცნიერების მიერ ალტერნატიული გზების მოძიება და ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა. ამ მხრივ, მაღალი ღირებულებების გამო რიცხვითი მოდელირება გახდა ფასეული მეთოდი. მისი მეშვეობით შესაძლებელია მოდელირება და წინასწარმეტყველება ადამიანის სხეულში რადიო სიხშირეებზე (Radio Frequency - RF) ელექტრომაგნიტური გამოსხივების შედეგად მიღებული ტემპერატურის ნაზრდის. ამ მიზნით შვეიცარიაში შეიქმნა 4 სხვადასხვა ადამიანის არაერთგვაროვანი ანატომიური მოდელი - კაცის, ქალის, ფეხმძიმე ქალისა და ბავშვის, ქსოვილის მახასიათებელი ყველა ფიზიკური პარამეტრის გათვალისწინებით. ამ მოდელებს „ვირტუალური ოჯახი“ (Virtual Family) უწოდეს. ვირტუალური მოდელების ელექტროგამტარებლობისა და დიელექტრიკული შეღწევადობის სიდიდეები თითოეული ქსოვილისა და ორგანოსათვის სხვადასხვაა და დამოკიდებულია სიხშირეზე. ეს სიდიდეები აღებულია იტალიის ეროვნული კვლევის საბჭოს (http://niremf.ifac.cnr.it/tissprop) მონაცემებიდან, ხოლო ქსოვილებისთვის გასაშუალოებული მნიშვნელობები კი - (www.fcc.gov/fcc-bin/dielec.sh). სითბური პარამეტრების მახასიათებელი სიდიდეები, როგორიც არის სითბოტევადობა, სითბოგამტარებლობა, მეტაბოლური პროცესების დროს გამოყოფილი სითბო და სისხლის მიმოქცევის (perfusion - პერფუზიის) კოეფიციენტი აღებულია გამოქვეყნებული სტატიებიდან. რაც შეეხება ამოცანის მოდელირებისათვის გამოყენებულ გამოთვლით მეთოდს და კომპიუტერულ კოდს, იგი დაფუძნებულია დროით არეში სასრული სხვაობების მეთოდზე (FDTD). FDTD საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას რთული, არაერთგვაროვანი ობიექტი ისეთი როგორიცაა ადამიანი, ხოლო სითბოს გავრცელების განტოლების გამოყენებით კი შესაძლებელია ტემპერატორული ნაზრდის დათვლა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com