ka | en
Company Slogan TODO

ანტიკარდიოლიპინური აუტოანტისხეულების კოლერაცია სპონტანურ აბორტებთან

ავტორი: ლალი ჩხიკვაძე
საკვანძო სიტყვები: ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, სპონტანური აბორტი, ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები
ანოტაცია:

სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი - სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა; ორსულების დაახლოებით 10-15%-ს აქვთ თვითნებური აბორტის რისკი. თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის მიზეზები ხშირად გაურკვეველი რჩება. მათ პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა აქვს სქესობრივი განვითარების შეფერხებას (ინფანტილიზმი), წინამორბედ ხელოვნურ აბორტებს, განსაკუთრებით პირველი ორსულობის შეწყვეტას; შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დისფუნქციას (ჰიპოფიზი, საკვერცხეები, თირკმელზედა ჯირკვლები,); ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობას, საშვილოსნოსშიგა შეხორცებებს, მწვავე და ქრონიკულ ინფექციურ დაავადებებსა და ინტოქსიკაციებს, დედისა და ნაყოფის სისხლის იმუნოლოგიური შუთავსებლობას; სასქესო ორგანოების სიმსივნეებსა და სხვ. ფიზიკური ფაქტორები (ტრავმები, სიმძიმის აწევა) მოქმედებას ახდენენ მხოლოდ წინასწარგანმწყობი ფაქტორების დროს. ბოლო წლების კვლევებით მეცნიერებმა თვითნებური აბორტების გამომწვევი მიზეზების კიდევ ერთი ჯგუფი გამოყვეს. ესაა აუტოიმუნური ფაქტორები. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები იწვევენ, რადგან მათ შეუძლიათ ე.წ. ფოსფოლიპიდური სინდრომის განვითარება. როგორც ბოლო წლების კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, ორსულობის პათოლოგიურ მიმდინარეობას თან ახლავს უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის დისფუნქცია, ციტოკინებისა და სხვადასხვა აუტოგენების მიმართ აუტოანტისხეულების გაძლიერებული წარმოქმნა. ორსულობის გართულების პათოგენეზში სხვადასხვა ფაქტორების როლის შესწავლის დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ აუტოიმუნური რეაქციების ზემოქმედების შესწავლა იმპლანტაციის, ემბრიონის ზრდა-განვითარების პროცესებზე, ასევე ორსულობის მიმდინარეობასა და მშობიარობის გამოსავალზე. ამიტომ ჩვენი კვლევის მიზანიც ეს გახლდათ: შეგვესწავლა ფოსფოლიპიდების, კერძოდ ანტიკარდიოლიპინური აუტოანტისხეულების ადგილი და როლი მორეციდივე აბორტების განვითარებაში. კვლევა ჩატარდა კლინიკა „XXI საუკუნე“-ში (ქ. ქუთაისი). ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ 207 ორსულიდან ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულების არსებობა სხვადასხვა რაოდენობით 30 პაციენტთან (14,5%) დაფიქსირდა. აქედან მწვავე ფაზის მაჩვენებელი ACA IgM მხოლოდ 7-თან (3,4%) იყო, რომელთაგან მხოლოდ 4-თან (57%) დადასტურდა დინამიკაში მატება, რაც მათ ახალ წარმოშობაზე მიუთითებდა. ანტიკარდიოლიპინური IgG აუტოანტისხეულების ორსულთაგან რეალური კოლერაცია სპონტანურ აბორტთან მხოლოდ 4 (1,9%) პაციენტთან დადასტურდა. იგივე პრობანდებთან სტატისტიკურად სარწმუნოდ მაღალი აღმოჩნდა კოაგულოგრამის პარამეტრებიც, კერძოდ, ფიბრინოგენის, დ-დიმერის და მგლურას ანტიკოაგულანტის მაჩვენებლები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com