ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს კარსტული მღვიმეები და მათი პერსპექტივები

ავტორი: ლაშა ასანიძე
საკვანძო სიტყვები: ქართულად: სპელეოლოგია, კარსტული პროცესები, მღვიმეები, გეომორფოლოგია.
ანოტაცია:

საქართველო მდიდარია ულამაზესი და უნიკალური კარსტული ფორმებით, სადაც კარსტვადი ქანების (კირქვების) გავრცელების ზოლი კავკასიონის სამხრეთ ფერდობის გასწვრივ, მდ. ფსოუდან სამხრეთ–აღმოსავლეთით ერწოს ტბის მიდამოებამდე 325 კმ მანძილზე ვრცელდება. დაკარსტული ტერიტორიის საერთო ფართობი 4475 კმ2-ს ანუ საქართველოს მთელი ტერიტორიის 6,4%-ს შეადგენს. კარსტვადი ქანების გავრცელების მიხედვით საქართველო დედამიწის ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია, რომელსაც პლანეტის ნებისმიერ ნაწილში ანალოგი ძნელად თუ მოეპოვება. კარსტგაჩენის უნიკალური პირობების გამო, აქ დაკარსტვის მაქსიმალური სიღრმე 2000-ს მეტრს აღემატება. კარსტულ მღვიმეთა სიუხვე და მიწისქვეშა დარბაზების მრავალფეროვნება განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური და გეოტექტონიკური აგებულებით, კერძოდ ცარცული კირქვების საკმაოდ ფართო გავრცელებით დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის, სამეგრელოს, იმერეთის, რაჭის) კარსტულ რეგიონებში.. სრული საფუძველი გვაქვს ჩვენში, სპელეოგამოკვლევების მომავალს ფრიად ოპტიმისტურად და რეალურად ვუყურებდეთ, მით უმეტეს რომ მსოფლიოს ზეღრმა კარსტული უფსკრულების პირველი ათეულიდან ოთხი საქართველოშია _ №1, №2 და #3 ადგილებს სწორედ საქართველოს მაღალმთიან კირქვულ მასივებზე მიკვლეული _ “კრუბერის სახელობის” (2197 მ), სარმას (1830 მ) და “ილუზია-თოვლიან-მეჟენის” უფსკრულები (1753 მ) ინაწილებენ. საყურადღებოა, რომ მსოფლიოს 1000 მ-ზე ღრმა 89 კარსტული მღვიმიდან 17 ესპანეთშია, 15 _ ავსტრიაში, 11 _ იტალიაში, 9 _ მექსიკაში, 7 _ საქართველოში, 6 _ საფრანგეთში, 5 _ სლოვენიაში და ა. შ. ჯერ კიდევ რამდენი ათეული შეუსწავლელი მიწისქვეშა ძეგლია აფხაზეთსა და სამეგრელოში, რაჭისა თუ იმერეთის რეგიონებში. ერთი სიტყვით, ბევრი რამ გაკეთდა უკანასკნელი 50 წლის მანძილზე, თუმცა ჯერ კიდევ ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ქართული მიწა-წყლის ყველაზე საინტერესო მიწისქვეშა ფენომენებზე. მხედველობაში გვაქვს ადამიანთათვის ჯერ ისევ მიუწვდომელი უხვდებიტიანი მიწისქვეშა მდინარეთა აუზები (შავწყალა, წაჩხურა, რეჩხი და სხვა ათეულობით დიდდებიტიანი მიწისქვეშა მდინარეთა აუზები). მომავალში ჩვენი მიზანია ტრადიციული და თანამედროვე გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით შეფასდეს უნიკალური მღვიმური სისტემების მოძიება და მათი ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების პერსპექტივები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com